ნიკოლოზ წურწუმია პოლიციამ მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ში.
ახალგაზრდა მამაკაცის ბანკში შეჭრის მოტივი და მიზანი ამ დროისთვის უცნობია. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.